logo
ENG



"დემოკრატიული უკუსვლა, რუსული კანონი, არჩევნები" - ლორა ლინდერმანის სტატია საქართველოზე

13 აგვ 202423:25
3 წუთის საკითხავი
 
"დემოკრატიული უკუსვლა, რუსული კანონი, არჩევნები" - ლორა ლინდერმანის სტატია საქართველოზე
ნანო ჩაკვეტაძე/ფორმულა

ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის მენეჯერი, ანალიტიკოსი ლორა ლინდერმანი განიხილავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.

სტატიის დასაწყისში ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ქვეყანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კრიტიკულ მომენტს აწყდება, რადგან ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული ტენდენციები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და მის პროდასავლურ ტრაექტორიას.

ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული „რთული პოლიტიკური ლანდშაფტი“ საჭიროებს დეტალურ გააზრებას და დასავლელი პარტნიორებისგან სტრატეგიულ პასუხს.

ის გამოყოფს დემოკრატიისგან უკანდახევას, საუბრობს რუსულ კანონზეც და ყურადღება აქვს გამახვილებული როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციაზე.

„ქართულმა ოცნებამ, ოდესღაც თვითიდენტიფიცირებულმა სოციალ-დემოკრატიულ რეფორმისტულმა კოალიციამ,  ბოლო წლებში აიტაცა მემარჯვენე პოპულიზმი და გააძლიერა ძალაუფლება. სადავო კანონი „უცხოელ აგენტებზე“, რომელიც პირველი აგვისტოდან ძალაში შევიდა, აშკარად მიზნად ისახავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გაჩუმებას ეროვნული არჩევნების წინ და წარმოადგენს უხეშ მცდელობას შეზღუდოს მედიის თავისუფლება, მიზანში ამოიღოს სამოქალაქო საზოგადოება და დათრგუნოს განსხვავებული აზრი.

ეს პოლიტიკა, რომელიც მჭიდროდ შეესაბამება რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს რეგიონში,  გვახსენებს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ციკლურ ნიმუშებს, რასაც მოიცავს „დემოკრატიული გარღვევა, დემოკრატიული პროგრესი, დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარული კონსოლიდაცია, რეჟიმის დასუსტება და მისი მარცხი“. დღეს ქვეყანა, როგორც ჩანს, იმავე რაუნდისკენ მიდის. ეს ნიმუში ასახავს საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში ფესვგადგმულ გამოწვევებს, მათ შორის ძალაუფლების ცენტრალიზაციისკენ მიდრეკილებებს, ელიტასა და ფართო მოსახლეობას შორის კავშირის გაწყვეტას და პოლიტიკისადმი ნულოვან მიდგომას, სადაც ძალაუფლების დაკარგვა - ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილება“, - ნათქვამია სტატიაში.

ანალიტიკოსს ყურადღება აქვს გამახვილებული საქართველოს ახალგაზრდებზეც და წერს, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების პოლიტიკით და ისწრაფვიან ევროპული მომავლისკენ. ასევე, აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ადამიანები ხედავენ დასავლეთს, როგორც ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზას საქართველოსთვის. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოში თაობათა დაყოფა ქმნის შესაძლებლობას, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდა აქტივისტებს სამოქალაქო საზოგადოების გამოცდილ აქტორებთან.

სტატიაში ის ასევე საუბრობს საზოგადოების ნდობაზეც და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ქმედებებს, რომლებმაც კორუფცია, უთანასწორობა და უსამართლობის განცდა გამოიწვია, მოჰყვა საზოგადოების ფართო უკმაყოფილება და ემიგრაცია. პარალელურად, ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება არც ოპოზიციას გამოუჩენია.

„ქართული ოცნების მიმართ სახალხო უკმაყოფილება გაიზარდა მისი ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული პოზიციების გამო, რაც დანაწევრებულ ოპოზიციას არჩევნებში წინსვლის პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს. მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის მზარდმა გამოყენებამ მხოლოდ გააღრმავა უფსკრული საზოგადოებასა და მთავრობას შორის. 2023 წელს ემიგრაცია საქართველოში გაორმაგდა, რაც ძირითადად საზღვარგარეთ სამუშაოს შოვნით იყო განპირობებული“, - ნათქვამია სტატიაში.

ის საუბრობს საქართველოს მოქალაქეების მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაზეც და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსახლეობის პროდასავლური ხედვისა, საზოგადოება იმედგაცრუებულია „უყურადღებობით“ და აღნიშნავს, რომ დასავლელ აქტორებს ეკისრებათ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ მდგომარეობაზე.

ის აღნიშნავს, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველა გზას მიმართავს. ის ყურადღებას ამახვილებს წინასაარჩევნო პოტენციურ არეულობებზე და ძალადობაზე, ასევე, აღნიშნავს, რომ არსებობს გარე ჩარევის რისკი - განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან.  


close დახურვა